logo
ENG



ჩალაგაშვილი: ივანიშვილი ვერ ელევა ოქრუაშვილს

19 ნოე 201914:34
3 წუთის საკითხავი
 
70w4wsm046eu95i.jpg

"გამარჯვებული საქართველო" თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალის დამძიმების ფაქტს ეხმაურება. პარტიის წევრების შეფასებით, პროკურატურა მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. 

"ივანიშვილს სიტუაცია დაეძაბა, პრაქტიკულად ჩამოეშალა თავისი უმრავლესობა. რაც შეეხება ოქრუაშვილს, ის პოლიტიკურ პატიმრად არის გამოცხადებული. ყველა ორგანიზაცია სწავლობს ამ ფაქტს, ივანიშვილს მოუწევს მალე გამოუშვას 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულები, მაგრამ ცდილობს, რომ ოქრუაშვილი რაღაცნაირად შეინარჩუნოს," - აცხადებს ოქრუაშვილის პარტიის წევრი კოტე კემულარია. 

პარტიის კიდევ ერთი წევრი გურამ ჩალაგაშვილი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის ბრალის დამძიმება, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ხელისუფლებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოხდა ზეწოლა, რათა 20 ივნისის აქციის დაკავებულები გაათავისუფლონ.  

"ხელისუფლება არის სრულ აგონიაში. დიპკორპუსის ზეწოლის შედეგად აპირებენ გაათავისუფლონ 20 ივნისის დაკავებულები. ივანიშვილი ვერ ელევა ოქრუაშვილს და უნდა რომ ის იყოს მისი პირადი პატიმარი. ხვალ როდესაც გაათავისუფლებენ სხვა პატიმრებს, მას უნდა ჰქონდეს არგუმენტი რის გამოც ტოვებენ ციხეში," - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა. 

ფაქტს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხათუნა სამნიძეც ეხმაურება. 

"პროკურატურა ექვემდებარება მხოლოდ ერთ კაცს და ასეთი კრიზისების დროს, ყურადღება გადააქვს სხვა ძველ საქმეებზე. ვითომ რაღაცას იკვლევს, გააკეთონ იმიტაცია, რომ იძიებენ ძველ საქმეებს, რომ თურმე სამართლიანობის აღდგენისთვის სჭირდებათ," - აღნიშნა სამნიძემ.  

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც შესაძლოა ევროპარლამენტის რეზოლუციით, პოლიტ პატიმრად აღიარონ, ბრალი დაუმძიმდა. ამავე მუხლით, ბრალი ზურაბ ადეიშვილსაც წაუყენეს.  პროკურატურა, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ყოფილ მაღალჩინოსნებს, ბრალი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის გამოძიების, არასწორი მიმართულებით წარმართვისთვის წაუყენეს. დანაშაული 3 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 


close დახურვა