"სტრატეგია აღმაშენებლის" საპარლამენტო სიის მეორე ნომერი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" წამყვანის კითხვის პასუხად, გრძნობს თუ არა, რომ შესაძლოა, ოპოზიციიდან ვინმე პარლამენტში შევიდეს აცხადებს, რომ ამას გრძნობს, მაგრამ რამდენად გაბედავენ შესვლას პოლიტიკური სუბიექტები, ეს მეორე საკითხია.
ჩარკვიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომ თავდაპირველი პოზიცია არ შეიცვალონ და პარლამენტში არ შევიდნენ.
„მე კი ვგრძნობ რაღაცებს, მაგრამ რამდენად შეძლებენ და გაბედავენ ამის გაკეთებას, ვერ გეტყვი, რადგან ძალიან რთული რამ არის გაყალბებულ პარლამენტში შესვლა. ჩვენ მაშინ არ უნდა დაგვთანხმებოდნენ, როდესაც გამოვედით და მე პირადად ვთქვი, რომ გაყალბებულია, ყველამ ერთად შეთანხმება ვთქვით, რომ, დიახ, გაყალბდა არჩევნები, თუ გაყალბდა, მაშინ კეთილი ინებე და გამყალბებელთან არასამართლებრივ მოქმედებაში ნუ შეხვალ, რომ შენ თავად არ იქცე არასამართლებრივ სუბიექტად.
ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციიდან ყველა, ვინც პარლამენტში შევა გადაიქცევიან არასამართლებრივ სუბიექტებად, რადგან აღმოჩნდება, რომ მათ მმართველ გუნდს არჩევნები "გაუპრავეს". ჩარკვიანმა ისიც აღნიშნა, რომ ამ კუთხით, "სტრატეგია აღმაშენებელი" მოწოდების სიმაღლეზე დგას.
მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს.
კრიზისის ფონზე, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამ დრომდე მოლაპარაკების სამი რაუნდი გაიმართა. მათგან უკანასნკნელი შეხვედრა დღეს, 7 დეკემბერს შედგა. შეხვედრაზე ოპოზიციის წინადადებები განიხილეს, რომელშიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების, საარჩევნო რეფორმის და ხელახალი არჩევნების გარდა, ასევე არის შეთავაზება რიგგარეშე არჩევნებზე პლებისციტის ჩატარების შესახებ. შეხვედრის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნებს ან პლებისციტს არ განიხილავს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა თქვვეს, რომ ზოგიერთ საკითხზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა ეს არ ეხება მთავარ საკითხებს.