logo
ENG



ჩატარდა ოპერაცია ეს ბიჭი გადამალეთ - ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს აკრიტიკებს

10 მარ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურას „სპექტაკლს“ უწოდებენ.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ნინო ქადაგიძე, რომელიც დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინეს, თავის დროზე მოსამართლის თანამდებობაზეც კანონდარღვევით იყო შერჩეული.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დადგა სპექტაკლი. ეს იყო ჩვეულებრივი შოუ. მე არ ვიცი რატომ გაიმართა საერთოდ ეს კონსულტაციები. საბჭოს ყველა წევრმა ჩემს გარდა, მხარი დაუჭირა ამ ადამიანს. რაც შეეხება უშუალოდ მის კანდიდატურას, ის არის დარღვევით შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, კანონდარღვევით გახდა ის ამ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი დეკემბერში, როდესაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა მას. თქვენ იცით ეუთოს დასკვნაც ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის საბჭოს განვითარებული მოვლენები უარყოფითად შეაფასა საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ. მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის შესახებაც ისაუბრა, რომელიც თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიაზრებოდა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ის გარკვეული მიზეზების გამო, „გადამალა“.

„ჩატარდა ოპერაცია - „ეს ბიჭი გადამალეთ“, იმიტომ რომ თითქმის ყველა ბოლო საერთაშორისო განცხადებაში იმხელა კრიტიკა იყო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიმართ, რომ თადუმაძის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა არა მარტო კეთილსინდისიერება, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი და ხმა საქართველოს პარლამენტში, არამედ ელემენტარულად კომპეტენციის საკითხიც დიპლომთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე წარადგინა. ქადაგიძეს საბჭოს 13 წევრიდან, 12-მა დაუჭირა მხარი.


close დახურვა