გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ და ნარეკვავის წვეულების ორგანიზატორმა, ანა გაბეჩავამ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა.
მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია - მისი ადვოკატის განცხადებით კი გაბეჩავასთან კითხვები არ ჰქონიათ, დღევანდელი გამოკითხვა მისი სოციალური ქსელის შემოწმებასა და მიმოწერების ამოღებას დაეთმო.
„ჩატარდა სოციალური ქსელის შემოწმება. შეკითხვები საერთოდ არ დასმულა. ვერ გიპასუხებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვისთან არის მიმოწერა. ვერ გეტყვით, გამოიკვეთება თუ არა სიახლე. ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა მიმოწერა უშუალოდ ინციდენტში მონაწილე პირებთან", - ამბობს გაბეჩავას ადვოკატი.
ანა გაბეჩავა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთერთი მთავარი მოწმეა - სწორედ მისი დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა დაპირისპირება საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
ექსპერტიზის პასუხების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით - მას დაზიანებები სხეულზე სიცოცხლეში მიაყენეს.
გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში. ამ მუხლით ბრალდება ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.