მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებებს ისევ ცვლის. 21 მარტს გამოცემული დადგენილების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნამდე შეჩერებული იყო ყველა სახის აღსრულება, თუმცა 6 აპრილს თეა წულუკიანის მიერ მიღებული ბრძანებით, აღსრულების ბიუროს ანგარიშების დაყადაღებაზე მწვანე შუქი ისევ აენთო.
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება გაუგებარი და საეჭვოა იურისტებისთვის. მინისტრის ბრძანება კერძო კრედიტორებს მომგებიან პირობებში აყენებს, პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას კი უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს. როცა შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები საკვების ფულსაც ვერ შოულობენ და ფინანსურ ვალდებულებებს ვერ ფარავენ, ახლა მათ კანონის ძალით კუთვნილი ქონებაც ერთმევათ.
მოქალაქე ვერიკო გაგუამ 7 აპრილს ბანკიდან მიღებული ტექსტური შეტყობინებით შეიტყო, რომ სამშენებლო კომპანიის მოთხოვნით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მას ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღა და შიდა განვადებით შეძენილი ბინის საფასურის სრულად დაფარვა მოსთხოვა. განვადების თანხას მას ემიგრაციაში მყოფი მშობლები ყოველთვიურად უგზავნიდნენ. კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში კი შემოსავლის ეს წყარო აღარ აქვს. ახლა ის ფინანსური ვალდებულების გადახდას ვერ ახერხებს. დაზარალებულმა მოქალაქემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პროცედურის შეჩერების მოთხოვნით უკვე მიმართა. თანხმობას ის მოსარჩელე კომპანიისგან ელოდება, მანამდე კი მცირე წლოვან შვილთან ერთად ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩება.
თეა წულუკიანის გადაწყვეტილება გაუგებარია იურისტებისთვის. სპეციალისტები ამბობენ, რომ მინისტრის ბრძანება კერძო კრედიტორებს მომგებიან პირობებში აყენებს. მაშინ როდესაც პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები საკვების ფულსაც ვერ შოულობენ, ფინანსურ ვალდებულებებს ვერ დაფარავენ და კუთვნილ ქონებას დაკარგავენ.
პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ პირობებში ასეთი მკაცრი რეგულაციები ეჭვებს უჩენს უფლებადამცველებს. მესამე სექტორში სისტემურ ქაოსზე საუბრობენ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ თანხებისა და ქონების იძულებით ამოღების მექანიზმი, შესაძლოა, კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ემსახურებოდეს.
უფლებადამცველები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ურჩევენ თეა წულუკიანის ბრძანებას გადახედოს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალი რეგულაციები დაუწესოს. მიზნის მისაღწევად იურისტები სასამართლოსაც მიმართავენ, თუმცა შიშობენ, რომ ვიდრე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყება და შედეგი დადგება, სისტემის უსამართლობას კიდევ ბევრი მოქალაქე შეეწირება.