ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, უკრაინას დიდი კონტრშეტევისთვის მხოლოდ ერთი მცდელობა ექნება.
პაველის თქმით, უკრაინამ წელს უნდა გამოიყენოს კონტრშეტევის შესაძლებლობა, რადგან მოკავშირეებისგან დახმარების მიღება მომავალში ახალი მცდელობისთვის უკიდურესად რთული იქნება.
"ბევრი ქვეყანა, ბევრი პოლიტიკოსი წელს გარკვეულ პროგრესს ელოდება. მე ვფიქრობ, რომ უკრაინას მხოლოდ ერთი მცდელობა ექნება, განახორციელოს დიდი კონტრშეტევა. ეს რამდენიმე თვეში უნდა მოხდეს", - თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
12 მარტს, ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პეტრ პაველი აპრილში უკრაინას ეწვევა. ამავე დღეს, ზელენსკისა და პაველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.