schengenvisainfo-ს ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირში შესვლა ნებადართული გახდა, ჩეხეთმა 8-მდე შეამცირა.
ე.წ. პერსონალურ სიაში ოფიციალურმა პრაღამ საქართველო კიდევ 6 ქვეყანასთან ერთად არ შეიყვანა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჯერ-ჯერობით ამ ქვეყნების მოქალაქეები ჩეხეთში არ დაიშვებიან, მაგრამ ქვეყანა მზადაა გადაწყვეტილება შეცვალოს შემხვედრი ნაბიჯების შემთხვევაში.
ევროპულმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - ჩამონათვალს საბჭო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
როგორც საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, ჩამონათვალშია ის 14 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან აპირებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელიც წინ უსწრებდა სიის გამოქვეყნებას ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს. აღნიშნულ განცხადებებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველოს რეგულარული ფრენები, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე არ აღედგინა.
