საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საკითხზე ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს ხელისუფლებაც შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.
"რაც შეეხება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ ევროკავშირი განიხილავს უსაფრთხო ქვეყნების სიას. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ იმ ინფორმაციით, რაც ვრცელდება, დიდი ალბათობით საქართველო იქნება უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომლებსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი რეგულაციები, თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ეს იქნება მიღებული სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებით და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა ზალკალიანმა.
BBC-ის ცნობით, ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის მოქალაქეებისთვისაც, პანდემიის მიუხედავად, 1-ელი ივლისიდან საზღვრები გაიხსნება. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში არის საქართველოც.
ამ დრომდე საქართველოს ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ რეგულარული საერთაშორისო ფრენები ქვეყანამ შესაძლოა, ივლისის ბოლომდე არ აღადგინოს.