გამოკითხული მოქალაქეების 74% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ეკლესიებში თავშეყრის საკითხს უნდა არეგულირებდეს, 62% აცხადებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დისტანციას იცავს, 83% ფიქრობს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირება ზედაპირთან შეხებითაა შესაძლებელი - ასეთია კვლევის შედეგები, რომელსაც Data research group-ი აქვეყნებს. ინტერნეტგამოკითხვაში, რომელიც 17 აპრილს ჩატარდა, 1469-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კვლევის ავტორებმა გამოკითხეს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებიც. მათი 13,3% აცხადებს, რომ ზიარების დროს არ შეიძლება მოხდეს ვირუსის გადადება, ხოლო 22,5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 6%-ის თქმით, რომ არა რეგულაციები, სააღდგომო წირვას დაესწრებოდნენ, 2% კი ამბობს, რომ აკრძალვებისა და რეგულაციების მიუხედავად, ტაძრებში ზიარებას დაესწრებიან.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე კვლევის შედეგებს უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თავადაც არ არიან კარგად ინფორმირებულნი ვირუსის საფრთხეებთან დაკავშირებით.
„ეს ძალიან სამწუხარო რიცხვია. შთაბეჭდილება მაქვს, რომ ადამიანებმა ან გააცდინეს ის ლექციები, რომელსაც ერქვა ზოგადი ჰიგიენა და ეპიდემიოლოგია. თუმცა ეს გასაკვირი არ არის, როდესაც ჯანდაცვის სისტემის პირველი პირიიმავეს იძახის. არ არის დარწმუნებული და კვლევები უნდა ჩავატაროთო. ალბათ გრანტიც იქნება მაგ კვლევებზე მოსაპოვებელი. ჩვენ იმდენად ინფექციის პრობლემა კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მმართველობის და კონტროლის პრობლემა საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ცენტრზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ რეალურად კარგად მუშაობენ, მაგრამ სხვა სისტემაში, ეს გაიდლაინები, ტრენინგები ყველანაირ კონტროლს მოკლებულია. ასე რომ ჩვენ მმართველობის კრიზისის გვაქვს“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.
საკითხთან დაკავშირებით განმარტება ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც გააკეთა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც გაცემულია, ყველამ მოქალაქემ უნდა დაიცვას. ეს ეხება როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ასევე პირადი ჰიგიენის დაცვას.
„ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ჩვენი და ზოგადად რესპირაციული ინფექციების გავრცელების, მოგეხსენებათ არის პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.