„ჩვენს პარტნიორებს სჭირდებათ ქმედებები და ეს არ ჩანს", - ასე აფასებს სერგი კაპანაძე სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ „ქართული ოცნების“ წევრების ევროპაში შეხვედრებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, მმართველი ძალა ვერ დააჯერებს ევროპარლამენტარებს, რომ ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს.
„თუ იქნება შემოთავაზება, გავაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად შეხვედრებს. სხვა ფორმატი აღარ არსებობს მას შემდეგ რაც გიგი უგულავა დააპატიმრეს. ახლა არიან ევროპაში და ცდილობენ ევროპარლამენტარები მოატყუონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ჩვენმა პარტნიორებმა შეიმუშავეს პოზიცია - მათ სჭირდებათ ქმედებები და ეს არ ჩანს. სისტემაზე შეთანხმება არ არის. არ ვიცი, ვის გულისხმობენ კონსტრუქციულ ოპოზიციაში - ალბათ იმათ, ვინც მათ გადაყრილ საკენკს დათანხმდება. შეგვიძლია რეალურად ჩამოვთვალოთ პარტიები, ვინც ოპოზიციად ითვლება და მათთან ამის შანსი არ აქვთ. ოპოზიციას მთელ რიგ საკითხებზე აქვს ერთობა და თუ ჰგონიათ, რომ ვიღაცამ კვერი დაუკრათ 110-40-ზე - ეს არ არის ოპოზიციური შეთანხმების დარღვევა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერები შეიკრიბნენ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ აღნიშნეს, რომ დიალოგის გასაგრძელებლად ყველა პირობა დააკმაყოფილეს. კერძოდ, მათი შეთავაზება არჩევნების 110/40-ზე პრინციპით ჩატარებას და 40%-იანი ბარიერის დაწესებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ის მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს.