გამოცემა Reuters წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გამოაცხადებს. გამოცემის თქმით, გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ მასშტაბური პროტესტის შემდეგ მიიღო.
ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კვლავ მაღალია, თუმცა რამდენიმე ქალაქში უკვე მოიხსნა ლოკდაუნი და ხელისუფლების თქმით დასუსტდა ვირუსის მიერ დაავადების გამოწვევის უნარი.
Reuters-ის ცნობით შემცირდება მასობრივი ტესტირების მოთხოვნები და ასევე ინფიცირებულებს და მათ კონტაქტებს თვითიზოლაცია საკუთარ სახლში გარკვეულ პირობებში შეეძლებათ.
ჩინეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრისას არ უხსენებიათ პროტესტი, რომელიც ჩინეთში ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური სამოქალაქო დაუმორჩილებლობა იყო.
გასულ კვირაში ჩინეთში კოვიდინფიცირებულების რიცხვის ზრდასთან ერთად ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს.
საპროტესტო ტალღის გამომწვევი დამატებითი ფაქტორი იყო ხანძარი ურუმაქში მრავალსართულიან შენობაში, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. აქტივისტების თქმით, მოსახლეობამ შენობა დროულად ნაწილობრივი ლოკდაუნის გამო ვერ დატოვა.
ურუმაქის ხელისუფლებამ დღეს დილით განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციებს მოსახლეობის ევაკუაციისთვის ხელი არ შეუშლია.
მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა ჩინეთის ფინანსურ ჰაბსა და ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე ქალაქ შანხაიში.
აქცია გაიმართა პეკინშიც, სადაც მოქალაქეებმა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს.
მასშტაბური საჯარო პროტესტი ჩინეთში იშვიათია. პანდემიის დაწყებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ მკაცრი კოვიდრეგულაციების პოლიტიკის გამო მოსახლეობის ნაწილში პროტესტი იზრდება.