logo
ENG



ჩინეთი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზებს დროებით აუქმებს

25 ნოე 202301:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/25/402fvo9ydf2apzb.jpg

ჩინეთი დროებით საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებს, რათა პოსტპანდემიური ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყოს.

პირველი დეკემბრიდან მომავალი წლის 30 ნოემბრამდე ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჩინეთში შედიან ბიზნესის, ტურიზმის მიზნით, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად ან ტრანზიტით არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში, ვიზა არ დასჭირდებათ.

როგორც Reuters წერს, სამწლიანი მკაცრი COVID-19-ის ზომების შემდეგ ჩინეთი ბოლო თვეებში ტურიზმის სექტორის აღსადგენად დგამს ნაბიჯებს.

"ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო მასშტაბით ხელს შეუწყობს გერმანიის მოქალაქეების ჩინეთში მოგზაურობას", - თქვა გერმანიის ელჩმა ჩინეთში, პატრიცია ფლორმა.

"ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთის მთავრობა დღეს გამოცხადებულ ზომებს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოსთვის განახორციელებს", - აღნიშნა მან. ელჩის განმარტებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის გერმანიაში უვიზო მიმოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ევროპული შენგენის შეთანხმების ყველა წევრი დაამტკიცებს მას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კეტრინ კოლონამ, რომელიც პეკინში იმყოფება, X-ზე დაწერა: "შესანიშნავი ახალი განცხადება ჩემს ვიზიტთან დაკავშირებით ჩემი კოლეგა ვანგ იისგან!"

ამ თვეში ჩინეთმა თავისი უვიზო ტრანზიტის პოლიტიკა 54 ქვეყნის მიმართ გააფართოვა, რომელთა შორის ნორვეგიის მოქალაქეებიც მოხვდნენ.

აგვისტოში ჩინეთმა გააუქმა COVID ტესტის მოთხოვნა მოგზაურებისთვის. ივლისიდან სინგაპურის და ბრუნეის მოქალაქეებისთვის 15-დღიანი უვიზო მიმოსვლა განახლდა.


close დახურვა