logo
ENG



ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

26 თებ 202410:59
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთში ზედიზედ 30 დღე დაჰყონ. 

"ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით. ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გასული წლის ივლისში გაფორმდა. მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილში ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა და ის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.

კომუნისტურ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პოლიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ჩინეთთან, როგორც დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობას და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ამან შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს სხვა პარტნიორებთან - აშშ-სთან და ევროკავშირთან - ურთიერთობები.

მთავრობასა და მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება ემსახურება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინტერესებს და საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს არ შეაფერხებს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. კობახიძემ აღნიშნა, რომ პეკინის მხრიდან ურთიერთობების გაღრმავების ინტერესს ხედავენ, რაც გარკვეულ ნაბიჯებშიც გამოიხატება, მათ შორის ეკონომიკის, პირდაპირი ფრენების კუთხით.

გარდა ამისა, მან შეაფასა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და გარკვეულწილად გააკრიტიკა ვაშინგტონი. კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით "შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი".


close დახურვა