logo
ENG



ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ბიოლოგიური მასალის პასუხი ჯერ უცნობია

01 თებ 202019:49
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში არ გამოვლენილა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ბიოლოგიური მასალის  პასუხი. ისინი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ რჩებიან. ექიმებმა პაციენტებს რომელიმე სხვა ტიპის ვირუსი ვერ დაუდგინეს და სწორედ აქედან გამომდინარე გახდა საჭირო მათი ანალიზების საზღვარგარეთ შემოწმება.

ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვან ბავშვს კი, რომლებიც ინფექციურში გუდაურიდან გადმოყვანეს, A ტიპის ვირუსი, ე.წ. ღორის გრიპი დაუდგინდა. მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ და ისინი ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს.

სპეციალისტები კორონავირუსით შეშინებულ საზოგადოებას ამშვიდებენ და ამბობენ, რომ ამ დროისთვის მათზე ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ისინი რეკომენდაციებს სხვა ვირუსის ტიპზეც გასცემენ და ჰიგიენური ნორმების დაცვას გვირჩევენ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებას გამოეხმაურა, რომელიც გუშინ საღამოს გავრცელდა, და  გავრცელებულ ინფორმაციას კორონავირუსის სავარაუდო დაფიქსირების შესახებ დეზინფორმაცია და უპასუხისმგებლობა უწოდა. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყვნენ პანიკას და თვალი ადევნონ დაავადებათა კონტროლის და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს. 

ქალაქ უხანში მყოფ საქართველოს სამ მოქალაქეს კი რამდენიმე საათში თურქეთში გადაიყვანენ - სპეციალური რეისი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რამდენიმე საათში  ჩაფრინდება. საქართველოს მოქალაქეების გარდა, თვითმფრინავში 11 სამხედრო, ექვსი ექიმი, ორი ჟურნალისტი და ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია.

ყველა მგზავრი, რომელიც ბორტზე იმყოფება, ასვლამდე სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა  მკაცრად შეამოწმა. თურქეთში ჩასვლისთანავე ისინი ანკარაში  საკარანტინო პირობებში 14 დღის მანძილზე გაჩერდებიან. ამ დროისთვის, უხანში დარჩენილია საქართველოს ოთხი მოქალაქე. 

საქართველოს აეროპორტებში კონტროლი გრძელდება. ამ ეტაპზე, რისკჯგუფის პაციენტებისთვის საქართველოში 4 ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილებებია გამოყოფილი. საქართველოს ამ დრომდე  საშიში  ვირუსის სინჯების რეაგენტი არ გააჩნია, რითაც ამ ვირუსის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ის, სავარაუდოდ, სამშაბათს ექნებათ. 


close დახურვა