ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, გასულ თვეში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ Covid-19-ს 60 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
2022 წლის დეკემბრის დასაწყისში მოსახლეობის პროტესტის შემდეგ პეკინმა კორონავირუსთან ბრძოლის 3-წლიანი მკაცრი პოლიტიკა, რაც ხშირ ტესტირებას, მოგზაურობაზე შეზღუდვებსა და მასობრივ ლოქდაუნებს მოიცავდა, გააუქმა. შედეგად, ხელისუფლების ცნობით, ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 1.4 მილიარდს მიაღწია.
ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, COVID-19-თან დაკავშირებულმა ავადმყოფობამ და ჰოსპიტალიზაციამ პიკს მიაღწია.
8 დეკემბრიდან 12 იანვრამდე პერიოდში, ჩინეთის ინფორმაციით COVID-თან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა 59 938-ს მიაღწია.
ეროვნული ჯანდაცვის კომისიის სამედიცინო ადმინისტრაციის ბიუროს ხელმძღვანელის ცნობით, 5 503 შემთხვევაში სიკვდილი რესპირატორულმა გართულებებმა გამოიწვია დანარჩენ შემთხვევებში კი ვირუსმა და თანდართულმა დაავადებებმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩინეთი ვირუსისგან გამოწვეულ სიკვდილიანობის შესახებ მონაცემებს მალავდა და ჩინეთს მეტი ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.
ჯანმო მიესალმება პეკინის მიერ გავრცელებულ უახლეს ცნობებს და ქვეყანას უფრო დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.