logo
ENG



ჩინეთმა აშშ-სთან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა

17 ივლ 202418:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/17/zg4bq30blmfh2ty.jpg

ვაშინგტონის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საპასუხოდ, ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ეს ნაბიჯი ჩინეთის მთავარ ინტერესებს აზიანებს, ძირს უთხრის ორმხრივ პოლიტიკურ ნდობასა და პოლიტიკურ ატმოსფეროს მხარეებს შორის შეიარაღების კონტროლზე კონსულტაციების გაგრძელებისთვის. 

"ამ მიზეზით, ჩინეთმა გადაწყვიტა, შეაჩეროს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის შესახებ კონსულტაციების ახალ ეტაპზე გადასასვლელად", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა. 

ქვეყნებს შორის ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, რაც ქვეყნის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრის წინ, უნდობლობის შემსუბუქების მცდელობად შეფასდა. 

იანვარში თეთრი სახლის წარმომადგენელმა პეკინს მოუწოდა, "რისკის შემცირების შესახებ აშშ-ის ზოგიერთ უფრო არსებით იდეას" უპასუხოს. 

პენტაგონი გასული წლის ოქტომბერს მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ ჩინეთი ბირთვულ არსენალს იმაზე სწრაფად ავითარებს, ვიდრე ამას აშშ ელოდა. 

პენტაგონის ინფორმაციით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, ჩინეთს 500-ზე მეტი ოპერატიული ბირთვული ქობინი აქვს და სავარაუდოდ, 2030 წლისთვის, ეს რიცხვი 1000-ს გადააჭარბებს. 

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით კი, აშშ-ს ამჟამად 3700 ბირთვული ქობინი აქვს. 

 

close დახურვა