ქართული ოცნების წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, 27 თებერვალს, როცა საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი უნდა გაიმართოს, "მძიმე პროვოკაციებია" მოსალოდნელი.
მმართველი პარტიის მტკიცებით, ამ პროვოკაციებს "რადიკალური ოპოზიცია" ამზადებს, თუმცა, ირაკლი ჩიქოვანს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება "მძიმე პროვოკაციებში".
"ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციების შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას უკავშირდება და რომლის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი შესაძლებელია იყოს ჩვენი ნაკრების მიმართ სანქციების დაწესება. გარდა ამისა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის რიტორიკა და ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში, რადგან მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.
რეგიონსა და გლობალურ დონეზე არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, ამ სიტუაციის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ნაციონალური მოძრაობა და მისი სხვადასხვა დანაყოფი უკრაინის მხარდამჭერ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტს არ უერთდებიან. პარალელურად, ვითომ და უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, სხვადასხვა მძიმე პროვოკაციის განხრციელებას გეგმავენ, რაც საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული რუსული სცენარის ნაწილია". - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
ქართული ოცნება ოპოზიციას მოუწოდებს, პარტიულ ინტერესებზე მაღლა ეროვნული ინტერესები დააყენოს.
"მოვუწოდებ მათ, დროებით მაინც შეძლონ საკუთარი პარტიის ინტერესებზე მაღლა დადგომა და ამ ურთულეს სიტუაციაში მაინც იმოქმედონ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს ნამდვილად არ არის შიდა პარტიული, აბსოლუტურად უშედეგო კინკლაობის დრო. ეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს". - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.