logo
ENG



ჩიქოვანი: რუსეთში არის პრობლემები, დაკავშირებული დემოკრატიის სრულფასოვან მოქმედებასთან

14 ოქტ 202314:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/14/3aoakgdduz970ye.png

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ჩიქოვანი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა რუსეთი დიქტატურა და ამის ნაცვლად, ფორმულას დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ "დღეს, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციაში არის პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიის სრულფასოვან მოქმედებასთან".

აღსანიშნავია, რომ გუშინ PACE-მ რეზოლუცია მიიღო, სადაც პუტინის არალეგიტიმურად აღიარებაა მოთხოვნილი, ხოლო რუსეთი დიქტატურადაა გამოცხადებული - ცნობისთვის, ამ ტექსტს მმართველი პარტია არ შეუერთდა. ქართული ოცნების წარმომადგენლები ადგილზე წარმოდგენილი არ ყოფილან, რაც ირაკლი ჩიქოვანმა "სხვა ვალდებულებებით" განმარტა.

"გვქონდა სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა დაემთხვა, პოლონეთში არჩევნები და იქ იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები და მე კიდევ სხვა ვალდებულებები მქონდა, რომელიც აქ მაქვს. ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტების თქვენთან შეთანხმებას არ ვაპირებ, საზოგადოებას განვუმარტე და ვთქვი, რომ სესიის განმავლობაში, ადრე წლებში სხვადასხვა შემადგენლობით ვესწრებოდით.

ჩვენ თუ ვსაუბრობთ და რაიმე კომუნიკაცია და კონტაქტი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ეს გამომდინარეობს მხოლოდ ერთი ამოცანიდან - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - განაცხადა მან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) წევრ ქვეყნებს მოუწოდა ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად ცნონ, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ და რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა. შესაბამისი რეზოლუცია წევრმა ქვეყნებმა ერთხმად მიიღეს. ამავე რეზოლუციის მიხედვით, PACE გამოდის მოწოდებით, რომ [ქვეყნებმა] პუტინთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტონ, გარდა ჰუმანიტარული კონტაქტებისა და მშვიდობისკენ მოწოდების.


close დახურვა