კორონავირუსის გამო შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი შეხვედრა ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები შექმნილი ვითარების ფონზე დამატებითი სარგებლის მიღებას ცდილობენ, ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობამ ვირუსთან ბრძოლის პროცესში ჩართვის და დახმარების სურვილი გამოთქვა. ჩიქოვანის განმარტებით, ამ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომელსაც კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენი გაუწევს.
„სამწუხაროდ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ ვირუსის ფონზე დამატებითი სარგებელი და შემოსავალი ნახონ, მაგრამ ასეთი ჯგუფი არის მცირე და ამავდროულად არსებობენ ადამიანები, ვინც არიან მზად გვერდში დაუდგნენ საზოგადოებას და სახელმწიფოს, რათა საზოგადოებრივი სიკეთე მივიღოთ ერთად. ბევრი ბიზნესი გამოეხმაურა ამ ვითარებას და გამოთქვეს სურვილი, რომ მათი სერვისები შემოგვთავაზონ და დაეხმარონ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე საზოგადოებას. შეიქმნება სპეციალური პლატფორმა კომუნიკაციისთვის, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, რით არიან მზად მოხალისეობრივად გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს და საზოგადოებას. ამის კოორდინაციას მოახდენს ბიზნესომბუდსმენი ბატონი მიხეილ დაუშვილი. ვთვლით რომ ეს იქნება კარგი წამოწყება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.