ჟურნალისტ ვახო სანაიას ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა 19 ივნისს, 02:20 საათზე 112-ში დარეკა.
ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, რატომ დარეკა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 19 ივნისს, ღამის 02:20 საათზე 112-ში.
როგორც არჩილ ბერიანიძე აცხადებს, ეს არის საქმეში არსებული მტკიცებულება, რომელზეც დაცვის მხარე ვერ ისაუბრებს.
„აღნიშნული არის მტკიცებულება, რომელზეც ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მან, როგორც დაზარალებულმა, მიიღო სამედიცინო დახმარება. ზართან დაკავშირებით არ გპასუხობთ. ზოგადად გეუბნებით, რომ ჩიქოვანმა მიმართა შესაბამის სამედიცინო სამსახურს, რომ არ გართულებოდა დაზიანებები", - აცხადებს არჩილ ბერიანიძე.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა - 22 ივნისს ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს მდინარე არაგვში.
მისი გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული - მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი და ორი არასრულწლოვანი.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შაქარაშვილი ასფიქსიით გარდაიცვალა, თუმცა მას დაზიანებები სიცოცხლეშივე მიაყენეს.