logo
ENG



ჩიხლაძე: კვლევა ადასტურებს, რომ მოქალაქეები დგანან არჩევანის წინაშე-მედიკამენტი თუ საჭმელი

14 სექ 202018:09
3 წუთის საკითხავი
 
n4nwnl3d2cmr6lf.jpg

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ეროვნულ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის (NDI) კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობას მედიკამენტებისა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დგას არჩევანის წინაშე: მედიკამენტი თუ საჭმელი. განსაკუთრებით კი პენსიონრები ვალით და სესხით ყიდულობენ მედიკამენტებს უიკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“,-აცხადებს ჩიხლაძე.

ასევე მისი თქმით, სტრატეგია აღმაშენებელს სამოქმედო გეგმა აქვს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაიაფდეს ქვეყანაში მედიკამენტები. ჩიხლაძის განცხადებით, პარტია გეგმის განხორციელებას 1-ლი ნოემბრიდან, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ დაიწყებს.

„ზუსტად ამიტომ, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდმა და გიორგი ვაშაძემ ჯერ კიდევ შარშან, დეტალურად გავწერეთ მექანიზმი და შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გაიაფდეს მედიკამენტები, როგორ გავხადოთ ის უფრო ხელმისაწვდომი, როგორ მოხდეს პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფა და შესაბამისი მკურნალობა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვით, როგორ უნდა გაკონტროლდეს უხარისხო წამლების შემოდინება ქართულ ბაზარზე. ამ 1 წლის განმავლობაში რამდენჯერმე წარმოვადგინეთ აღნიშნული გეგმა, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე პირველი ნოემბრიდან დავიწყებთ,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესი ნაწილი, 67% ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

33%-ისთვის მთავარი ეკონომიკური პრობლემა ფასების ზრდაა.

NDI-ის დაკვეთით, კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 6-11 აგვისტოს ჩაატარა. სატელეფონო გზით გამოიკითხა 2 045 ადამიანი.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.

 

 


close დახურვა