ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, სერგო ჩიხლაძე „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ხელისუფლების მზადყოფნის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც ჩიხლაძემ გადაცემაში განაცხადა, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში 5000-მდე დაინფიცირებული იქნება, შეიძლება პრობლემა შეიქმნას სასუნთქ აპარატებზე და საავადმყოფოში ადგილებზე.
ჩიხლაძის თქმით, ხელისუფლებამ სწორედ ამ რესურსის მობილიზებაზე უნდა იზრუნოს.
„კარანტინის ეს ზომები კი საკმარისია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რეალურად რა სურათია ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით. დღემდე გაკეთებულია 2000-მდე ტესტი, 2000 ტესტი ამდენივე ადამიანი არ არის, ამიტომ ძალიან ცოტა ადამიანები არიან ტესტირებული, მაშინ როცა 5000-მდე ადამიანი კარანტინშია. შესაბამისად იმის თქმა რეალურად ჩვენ რა სურათი გვაქვს, ძალიან ძნელი სათქმელია. თუ დავუშვებთ, რომ გვყავს 90 ინფიცირებული, მაშინ ეს კარანტინიც საჭირო არ იყო, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ გაცილებით დიდად არის ინფექცია, მაშინ სულ სხვა სურათია. ჩვენ ვმარჩიელობთ საკმარისია თუ არ არის საკმარისი, ამ შემთხვევაში ჯობია რომ მეტი ზომა მიიღო, მაგრამ აქ მეორე მომენტია. სულ რომ მთელი საქართველო დავაკარანტინოთ, ჩვენ ვერ მოვახერხოთ პირველადი ჯანდაცვის ცენტრების გამართვა, პირველადი ოჯახის ექიმების დროულად დატრენინგება, ნაკადების მართვა, ტესტები ვერ შემოვიტანოთ, მაშინ რა აზრი ექნება კარანტინს. მთელი ცხოვრება ამ კარანტინში ვერ ჩავსხდებით. დღეს თქვეს, რომ 2000-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი გვაქვს, აქედან ნაწილი შეიძლება მწყობრში არ იყოს, აქედან 60% დაკავებულია სხვა დაავადებებისთვის. ამიტომ რჩება ძალიან შეზღუდული ნაკადი, თუნდაც ამ აპარატურის. შესაბამისად წამალიც რომ არსებობდეს, ცუდი სცენარის შემთხვევაში 5000 დაინფიცირება რომ იყოს, სადღაც ხომ უნდა ვუმკურნალოთ. ამ ხუთი ათასიდან შეიძლება 1000-ს დასჭირდეს ხელოვნური სუნთქვის აპარატი, მაგრამ შეიძლება 300 აპარატიც კი არ გვქონდეს თავისუფალი. ზუსტად ეს მზადყოფნა გვინდა, რომ დავინახოთ“,-განცხადა სერგო ჩიხლაძემ.