მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის რვასართულიანი შენობა, დღეს „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ფაქტობრივად ცარიელი დახვდა. სახელმძღვანელოები და სხვა საჭირო ინვენტარი შეფუთულია და გადასატანად არის გამზადებული. თუმცა, როგორც თავად ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, სად გადააქვთ - არ იციან. არც იმას ადასტურებენ, რომ ამ შენობაში პედაგოგების ნაცვლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადადის.
მასწავლებლის სახლი რომ სუს-ის მფლობელობაში გადადის, ამის შესახებ ინფორმაცია განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მასწავლებლის სახლის შენობა სუს-ს იმდენად ნაჩქარევად გადაეცა, ტენდერის გამოცხადებაც კი ვერ მოესწრო.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ ექსპერტები და ამბობენ, რომ მასწავლებელთა სახლის ადგილას სუს-ის შესახლება განათლების სისტემაში მკაფიო რყევებს გამოიწვევს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, სუს-ის მასწავლებელთა სახლის შენობაში გადატანა არჩევნებს უკავშირდება. შენობა ახლოსაა პოლიციის აკადემიასთან, ამიტომ ორი უწყების კოორდინირებული მუშაობისთვის მმართველმა გუნდმა პედაგოგების სხვა ადგილას გადაყვანა გადაწყვიტა.
რაც შეეხება თავად მმართველი გუნდის პოზიციას, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს ცვლილება განათლების სისტემას არ დააზარალებს.
მიუხედავად იმისა, რომ კიბერნეტიკის ინსტიტუტში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს, „ფორმულანიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მალე საქმიანობას სწორედ კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ორ სართულზე გააგრძელებენ.