logo
ENG



ჩოლოიანის ადვოკატი: მოწმეებს არანაირი ფაქტი არ დაუდასტურებიათ იმაზე, რასაც ჩოლოიანს ედავებიან

16 ივლ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის პროცესი გაიმართა.

ჩოლოიანის ადვოკატის განცხადებით, ეს ორი მოწმე, რომელიც სასამართლომ დღეს დაკითხა, საქმესთან კავშირში საერთოდ არ არიან და აქამდე წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ამტკიცებს. პროკურორის თქმით, კი მოწმეები ლუკა სირაძის მეგობრები არიან და მათ მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა დაადასტურეს.

„დღევანდელ მოწმეებს არანაირი ფაქტი არ დაუდასტურებიათ იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელსაც ქალბატონ მარიანას ედავებიან. აქედან გამომდინარე ჯერ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, გარდა დედის ჩვენება, რომელიც საჯაროდაც მოსმენილი გაქვთ ალბათ, სხვა მტკიცებულება, რომელიც მას ამხელდა სისხლის სამართლის დანაშაულში წარმოდგენილი არ ყოფილა“,-აცხადებს მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ ბაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა და ის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქმის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და გამოავლინა დაკითხვის დროს არსებული ხარვეზები, რის შემდეგაც გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი კი, ჩვენების იძულებით მიცემის ბრალდებით დააკავეს, რაც 2დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა