Dailymail-ი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და დაგეგმილ არჩევნებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ 26 ოქტომბერი განიხილება როგორც რეფერენდუმი, რომელიც გადაწყვეტს გააგრძელებს თუ არა ქვეყანა სხვლას დასავლეთისკენ თუ დაბრუნდება "კრემლის სისხლიანი დიქტატორის ხელებში".
"როგორ განსაზღვრავს ოლიგარქი, რომელიც პითონის სახელით არის ცნობილი და ბონდიანას ბოროტმოქმედების ბუნაგში ცხოვრობს, სასიცოცხლო მნიშვნელობის დასავლელი მოკავშირის მომავალს" - ამ სათაურით გამოქვეყნებულ Dailymail-ის სტატიაში ასევე წერია, რომ ოლიგარქმა საკუთარი ქონება მოსკოვში დააგროვა, ახლა კი ცდილობს ვლადიმერ პუტინის რეპრესიულ რეჟიმს მიბაძოს.
"ამ საარჩევნო ბრძოლის ცენტრში დგას ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი ფიგურა, რომელიც ხელისუფლებაში 12 წლის წინ მოვიდა და თავი დემოკრატიის მხსნელად წარმოაჩინა მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლებამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაიწყო. მისი ზედმეტსახელი პითონია, რადგან მას სტრატეგიული სიმშვიდე უყვარს - ნელა დაახრჩოს საკუთარი ოპონენტები. ახლა კითხვა იმაშია, იყენებს თუ არა ოლიგარქი ამ მიდგომას საკუთარი ქვეყნის მიმართ, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ქართული ოცნება პუტინს უქნევს თავს და დემოკრატიას დევნის ქვეყნიდან", - წერს Dailymail-ი.
გამოცემა ასევე იმას უსვამს ხაზს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დროს საქართველომ უარი თქვა სანქციების დაწესებაზე და პარალელურად რუსეთტან ფრენები განაახლა. გარდა ამისა, Dailymail-ი წერს, მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკაზეც, რომელიც "გლობალური ომის პარტიას", ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, ჰომოფობიურ კანონსა და რუსულ კანონს მოიცავს. გამოცემა მმართველი პარტიის პროპაგანდისტულ ბანერებზეც წერს და ოცნების მთლიან საარჩევნო კამპანიას "კარგად დაფინანსებულს" უწოდებს.
"ბევრი შიშობს, რომ ივანიშვილი შეეცდება არჩევნების მოპარვას და საკუთარ თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, შემდეგ პროტესტების ძალისმიერ ჩახშობას შეეცდება, არგუმენტად კი იტყვის, რომ გადატრიალების არიდებას ცდილობდა. გასულ თვეში ივანიშვილმა მოქალაქეებში სიბრაზე გამოიწვია, როცა თქვა, რომ საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს. საბოლოო ჯამში, თბილისში ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს მომავალი ერთ კითხვაზეა დამოკიდებული: ოლიგარქს უფრო მეტად ეშინია დასავლეთის სანქციების შედეგად დაკარგოს თავისი მილიარდები თუ სიცოცხლე, პუტინის გამო, რომელიც ცნობილია ოპონენტების მოშორებით", - წერს Dailymail-ი.