logo
ENG



ჩუგოშვილი: ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს

04 აგვ 202016:20
3 წუთის საკითხავი
clock 2793
mf6ojt3g5iz0825.jpg

ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს და გასაჭირში ჩავარდნისას იძულებული ხარ, სხვაგან ეძებო შველა, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას აშშ-ის საელჩოსთან.

"მერამდენე საქმეა, სადაც დაგვიანებული რეაგირების, არაკომპეტენტურობის, შეცდომების და დარღვევების გამო ადამიანებმა სისტემის ყველანაირი ნდობა დაკარგეს.

გამომძიებლობა და პროკურორობა იარაღის ტარების უფლება და დანარჩენებზე ზემოდან ყურება არაა. ვინმე გრძნობს საერთოდ პასუხისმგებლობას?" - წერს ჩუგოშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ელჩთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდნენ. მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მას საელჩოში უთხრეს, რომ FBI-ის გამოძიებაში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ უნდა მიმართოს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო ამას არ იზამს, ის შიმშილობას დაიწყებს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.


close დახურვა