პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი საქართველოს მთავრობისადმი მოწერილ კრიტიკულ წერილებს ეხმაურება.
დეპუტატი ამბობს, რომ აშშ-ში მიმდინარე პროცესების ფონზე ყურადსაღებია მათი ინტერესი და კრიტიკა საქართველოს მთავრობის მიმართ.
როგორც ჩუგოშვილი გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განმარტავს, საიმპიჩმენტო პროცესის მიმდინარეობისას სენატორებმა მოიცალეს საქართველოსთვის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულია ის, რაც ხდება საქართველოსი. მისივე თქმით, აუცილებელია მთავრობა წავიდეს დათმობაზე და შერეულ საარჩევნო სისტემაზე ითქვას უარი.
„სენატში ახლა მიმდინარეობს, ფაქტობრივად, სასამართლო პროცესი, ვგულისხმობ საიმპიჩმენტო პროცესს. ასეთ დროს რომ ჩვენთვის მოიცალეს სენატორებმა, მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულია ის, რაც ჩვენთან ხდება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, ამის გაკეთებას სჭირდება მხოლოდ სურვილი - ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და კანონიერად. სამართლიანად ჩატარება ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დავტოვოთ შერეული სისტემა და ფაქტია ეს სისტემა იწვევს კრიზისებს. ამას დაემატა მძიმე საარჩევნო გარემო და ფაქტია, რომ დაემატება. თუ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ვერ მოახერხა შეთანხმება - ეს ნიშნავს, რომ პროცესი იქნება პოლარიზებული და ჩვენ ვრისკავთ მძიმე შედეგების მიღებას არჩევნების შემდგომ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროპორციული სისტემის შესახებ კანონის ჩაგდების შემდეგ საქართველოს მთავრობამ კრიტიკის ოთხი წერილი მიიღო.