საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა არსებითი განხილვის ფარგლებში გაიხსენა შემთხვევები, როცა საქართველოს პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტზე მთავრობამ უარი განუცხადა, თუმცა იმავე ქვეყნის წარმომადგენელს სალომე ზურაბიშვილი თბილისში შეხვდა, რაც მთავრობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.
მან სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავრობა სადავოს არ ხდის პრეზიდენტის შეუთანხმებელ შეხვედრებს ქვეყნის შიგნით, წერილებს თუ სატელეფონო კომუნიკაციებს.
"პრეზიდენტი ახორციელებს მთელ რიგ ურთიერთობებს, რომლებიც თავისი არსით არ საჭიროებენ მთავრობასთან შეთანხმებას, არ თანხმდებოდა არასდროს, არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო, მათ შორის არ გაუხდია სადავო საქართველოს მთავრობას და მათ შორის ეს არ არის ასახული წარდგინებაში.
მაგალითად, იქნება საგარეო ურთიერთობის ფარგლებში სხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ქვეყნის შიგნით, წერილის გაგზავნა, სატელეფონო თუ სხვაგვარი კომუნიკაცია. წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს.
მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის 2023 წლის 9 აგვისტოს განკარგულებით უარი ეთქვა 2023 წლის 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტის განხორციელებაზე. თუმცა ის პირი, ვისაც უნდა შეხვედროდა, უმაღლესი წარმომადგენელი, ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარე, შეხვდა პრეზიდენტს თბილისში.
არცერთ ეტაპზე ეს არ განხილულა როგორც კონსტიტუციის დარღვევა, არავის არ უთქვამს და არ დაუყენებია ეს არც მთავრობას კითხვის ნიშნის ქვეშ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის წარდგინების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.
დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფორმულასთან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.