logo
ENG



ჩხაიძე: ვაქცინაციის ამ ტემპით ვერ მოვასწრებთ, აგვისტო იყოს უსაფრთხო საქართველოში

09 ივლ 202116:29
3 წუთის საკითხავი
 

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის ამ ტემპით საქართველო ვერ მოასწრებს, აგვისტოში კორონავირუსის კუთხით უსაფრთხო ქვეყანა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა დელტა შტამი დომინანტური ხდება. 

"დელტა ვარიანტმა ბევრ ქვეყანაში ჩაანაცვლა ბრიტანული ვარიანტი - დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში. ასევე მოხდება საქართველოშიც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით. აგვისტოში დელტა ვარიანტი გახდება დომინანტური საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული მისი სწრაფი გავრცელებით, ახალგაზრდებში გავრცელებით, 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გავრცელებით. ასე რომ, წინ ძალიან ცუდი პერიოდი გვაქვს და ის ციფრები, რაც ბოლო კვირების და დღეებში ვლინდება, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა მათ მიღმა კორონავირუსის დელტა ვარიანტი დგას. 

ახლა არის სწორედ ის პერიოდი, როცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ ამ ვარიანტის გავრცელების პიკისთვის. თუ პიკი აგვისტოს თვეში იქნება, ერთი თვე გვაქვს კიდევ წინ, რომ ქვეყანა მეტ-ნაკლებად მომზადებულად შეხვდეს ამ შემთხვევების მატებას" - ამბობს ივანე ჩხაიძე. 

მომზადებაში ის 2 რამეს გულისხმობს: აცრას და პირველადი რეკომენდაციების დაცვას. 

თუმცა, ჩხაიძე ხაზს უსვამს, რომ ვაქცინაციის კუთხით საქართველოს მდგომარეობა არასახარბიელოა. 

"ორჯერადი ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, როგორმე შევაჩეროთ დელტა ვარიანტის გავრცელება. 

სამწუხაროდ, საქართველოში ამ კუთხით არცთუ სახარბიელო ვითარება გვაქვს. მხოლოდ 110 ათასი ადამიანია ორჯერადად ვაქცინირებული, ამიტომ, იმედი, რომ ჩვენ მივაღწევთ 30-40%-იან მოცვას ორმაგი აცრით, რა თქმა უნდა, არ გვაქვს". - ამბობს ჩხაიძე. 

ამიტომ, მისი თქმით, რჩება პირბადის ტარების, ჰიგიენის და დისტანციის დაცვის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. 

"ეს ის მარტივი და უნივერსალური გზა, მცირედ, მაგრამ მაინც შევაფერხოთ დელტა შტამის გავრცელება ქვეყანაში. ჩვენ ვერ მოვასწრებთ, ვაქიცნით აგვისტო საქართველოში იყოს უსაფრთხო. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვაქცინაცია ფართო მასშტაბით უნდა იყოს ქვეყანაში, რაც სამწუხაროდ, არ გვაქვს. ის რიცხვები, რაც 5 ივლისის შემდეგ გვაქვს, რაც გამოცხადდა მასშტაბური ვაქცინცია ქვეყანაში, შორს არის იმ რიცხვისგან, რაც გამოცხადდა. დღეში 15-20 ათასი ვაქცინირებულის ნაცვლად ჩვენ გვაქვს 5-6 ათასი ვაქცინირებული". - ამბობს ივანე ჩხაიძე. 

დელტა შტამი კორონავირუსის ყველაზე აგრესიული ვარიანტია, რომელიც სხვა შტამებზე სწრაფად ვრცელდება, მათ შორის, ახალგაზრდებსა და ბავშვებში. 


close დახურვა