logo
ENG



ჩხაიძე: მოვუწოდებ ოჯახის წევრებს, დაარწმუნონ სააკაშვილი, რომ დაექვემდებაროს მკურნალობას

28 იან 202312:09
3 წუთის საკითხავი
 

ვივამედის კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მოუწოდებს, პაციენტი დაარწმუნონ, რომ ექიმების რეკომენდაციების დაექვემდებაროს. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, ამან, შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

"ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით, არა იმ რაოდენობით, რაც არის რეკომენდებული. მან ამ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის მიღება, საკვების მიღება, საკვები დანამატის მიღებაზეც უარი განაცხადა და ვინაიდან, ჩვენ და კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად.

შეთავაზებული იყო ინკლუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მე ამიტომ, მინდა, გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა დამძიმდება.

მე მინდა, მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, იქნებ, მოხდეს დარწმუნება ადამიანის, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას, შესრულებული იყოს ექიმების რეკომენდაცია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ამან, შეიძლება, მართლა მიიყვანოს ფატალურ შედეგამდე", - განაცხადა მან.

26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ცენტრ ემპათიას დასკვნა სარწმუნო და უტყუარი არ არის. პირველ დეკემბერს ცენტრმა ემპათიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა. 

ცენტრ ემპათიის განმარტებით, მათ მიერ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სამედიცინო დასკვნა 194-გვერდიანია და თან ახლავს 22 დანართი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი - აქედან კი წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიაჩნიათ ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება.

ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.


close დახურვა