logo
ENG



ჩხაიძე რეანიმაციაში გადაყვანაზე: როგორც ვიცი, სააკაშვილს დღეს ნაკლებად აქვს ამის სურვილი

01 თებ 202314:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/i4bl2x7i8ds1400.png

ვივა მედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკა თანახმაა, თუმცა კვლავ იმეორებს, რომ მისი პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას.

"გუშინ შედგა დილიდანვე, როგორც ყოველდღიურად ხდება, კონსილიუმი შეიკრიბა, ინახა პაციენტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ, შეფასდა მისი მდგომარეობა და გრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიურ პალატაში, რომელშიც ფაქტობრივად ახლა იმყოფება. გაჟღერდა, როგორც შემდეგ ახსნა მკურნალმა ექიმმა, რომ თითქოს იყო მოთხოვნა, რომ თანახმა იქნებოდა მკურნალობაზე, თუ იქნებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს, ყოველთვის გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან. თუ პაციენტს სურს, რომ მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ. მინდა, რომ გაიგოთ, რომ ძალიან კარგად და გააგებინოთ ყველას, ჩვენთვის არ არის პრობლემა, იმყოფება ის რეანიმაციაში თუ ინტენსიურ პალატაში, მთავარია, პაციენტის ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს, დაგვთანხმდეს მკურნალობაზე და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა", - ამბობს ჩხაიძე.

კითხვაზე, კვლავ აქვს თუ არა მესამე პრეზიდენტს სურვილი, მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში გააგრძელოს, ჩხაიძე პასუხობს: "მე რამდენადაც დღეს ვიცი, მას ამის სურვილი ნაკლებად აქვს უკვე".

მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია 31 იანვარს გიორგი ჩალაძემ გაავრცელა, რაც ვივა მედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ უარყო.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა და კლინიკის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეანიმაციაში გადაყვანაზე შეთავაზება მიხეილ სააკაშვილმა ექიმებისგან მიიღო, რაზეც მესამე პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.


close დახურვა