logo
ENG



ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა არ იგეგმება

24 იან 202321:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/24/fhxb79gcmw0y7nm.jpg

ვივა მედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა. 

როგორც ჩხაიძემ ფორმულასთან საუბარში თქვა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა ამჟამინდელი მიმდინარეობა არ არის საგანგაშო.

"ამაზე [რეანიმაციაში გადაყვანა] საუბარი არ ყოფილა, არ ვიცი საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, გაავრცელა, როგორც ვიცი ადვოკატმა და არა მგონია ადვოკატი მის მდგომარეობას უფრო აფასებდეს, ვიდრე 7 ექიმი. ახლა აქვს 37.1 ტემპერატურა. პროგნოზული თვალსაზრისით, გარკვეულ რისკებს შეიცავს ეს ყველაფერი, მაგრამ ახლანდელი მიმდინარეობა არ არის საგანგაშო, კოვიდის კუთხით თუნდაც. პროგნოზი შეიცავს გარკვეულ რისკებს. რა თქმა უნდა, კოვიდთან დაკავშირებით რაც არის, ადრე ვიყავით ჰიბრიდ კლინიკა და გაგვაჩნია ყველა საშუალება, რაც არის საჭირო და აუცილებელი, ამ შემთხვევაში", - თქვა ჩხაიძემ.

დღეს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოითხოვა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა და კლინიკა ვივა მედმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი რეანიმაციაში გადაიყვანოს.

ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ეპიდემიოლოგიური სამსახურის საქმის კურსშია და მიმდინარეობს მოკვლევა.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, მოწმის სახით, კლინიკა ვივა მედის ერთ-ერთი ექთანი იყო დაბარებული, რომელიც მიხეილ სააკაშილს მკურნალობს, თუმცა ის არ გამოცხადდა, მიზეზად კი კორონავირუსით ინფიცირება დაასახელა. 

დღეს ზურაბ ჩხაიძემ უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ ვივა მედის ექთანს PCR ტექსტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

ჩხაიძის თქმით, უკვე შეიკრიბა კონსილიუმი, რომელიც შეთანხმდა მკურნალობის გეგმაზე, რომელიც ჩაუტარდება მიხეილ სააკაშვილს. ის ამბობს, რომ მკურნალობაში ჩართულია ყველა ის აუცილებელი მედიკამენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება.


close დახურვა