თბილისის მერიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან გარემოვაჭრეებს ყრიან. გარემოვაჭრეები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ მთავრობის სასახლესთან გადასვლას და დახლებში ვაჭრობას სთხოვენ. მოვაჭრეების განცხადებით მერიისგან ჰქონდათ თანხმობა, რომ რესპუბლიკის მოედანზე მდგარიყვნენ, თუმცა გუშინ განუცხადეს, რომ აღარ ჰქონდათ ამის უფლება.
„ესეთი სამარცხვინო საქციელი, რომელსაც კადრულობს ივანიშვილი კალაძესთან ერთად მე არ მახსოვს არცერთი ხელისუფლების პირობებში. ახალ წელს ამ ადამიანებს შიმშილისთვის სწირავენ და აყენებენ არჩევანის წინაშე, რომ ან საკუთარი შვილები შიმშილს გადაარჩინონ ან შეირცხვინონ თავი შვილმოკლული მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის წინაშე. როგორც კი ნახეს, რომ დახლები რომლებიც დაიდგა სისხლის და დარბევის ხარჯზე პარლამენტთან, ისინი თავისი ნებით აღარ წავიდნენ. ამ არჩევანს არ აკეთებენ და არ კადრულობენ, რომ სხვისი უბედურებით, სხვისი სიკვდილის ხარჯზე იცხოვრონ, როგორც ამას აკეთებს კალაძე, ივანიშვილი და მათი მონები“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა თბილისის მერიის წარმომადგენლებს გადწყვეტილების შესაცვლელად ერთ დღიანი ვადა მისცა.