logo
ENG



ჩხარტიშვილი: საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ სხვები არ ვართ მონები

18 თებ 202009:27
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები პიკეტირებას იწყებენ. ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევის პროცესს გააპროტესტებენ.

როგორც „ფორმულას“ „ლეიბორისტული„ პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშივლმა განუცხადა, შოთაძის თანამდებობაზე მეორე დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულის მანიშნებელია.

„გასაგებია, რომ ერთპარტიულ მმართველობაში შოთაძეს დანიშნავენ და არა აირჩევენ. იმიტომ, რომ პარლამენტი სავსეა ივანიშვილის მონებით ისევე როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურაში. ჩვენთან ყველა როლს ასრულებს და ასეთი როლის შემსრულებლად დანიშნავენ შოთაძეს. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ პროტესტი გამოვხატოთ და ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს, რომ სხვები არ ვართ მონები. მეორედ მოსვლები და ყველაზე ამაზრზენი ადამიანების დაბრუნებები, დამახასიათებელია ბოლო სტადიისთვის. მე მახსენდება შევარდნაძე, რომელმაც ბოლოს ვიტალი ხაზარაძით დაწყებული ყველა უკან მოიხმო, რადგან ჯერ ერთი სხვებს მასთან არ უნდოდა მუშაობა და თვითონაც აღარავის ენდობოდა“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ხელისუფლებაში დასარჩენად ყველაფერს გააკეთებს. 

„ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ფარსს, რომელიც ქვეყანაშ მიმდინარეობს. გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე ბატონი შოთაზე დაწერილ არაადეკვატურ პროგრამას კითხულობდა, რომელიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას არ ასახავდა. ეს არის პოლიტიკური დევნა, განსხვავებული აზრის შევიწროება ყველაფრის ფასად და ეს არის პოლიტიკური ოპონენტების რეპუტაციის პიროვნული განადგურება. ეს ხდება იმიტომ, რომ ქართული ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში და არ ისმოდეს განსხვავებული აზრი“, - განაცხადა ბუაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

სწორედ შოთაძის არჩევას გააპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი პარლამენტის პიკეტირებასა და პერფორმანსების გამართვას აპირებენ. 


close დახურვა