logo
ENG



ცენზურა ქუჩებში - დარბევიდან 1 წლის შემდეგ მთავრობა პროტესტის კვალს უკვე კედლებიდან შლის

17 ივნ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

ცენზურა თბილისის ქუჩებში - გავრილოვის სისხლიანი ღამის გასახსენებელი სტენსილები კედლებიდან თბილისის მერიამ რამდენიმე საათში წაშალა. მანამდე ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის "სირცხვილიას" აქტივისტები მუნიციპალურმა ინსპექციამ 1800 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, მათ წარწერების წასაშლელად 10 დღიანი ვადა მისცეს, თუმცა, ამ ვადის ამოწურვამდე სტენსილები თავად მუნიციპალურმა სამსახურმა გადაღება.

აღსანიშნავია, რომ წარწერებისგან რამდენიმე მეტრში, ამავე ტერიტორიაზე განთავსებული სხვა სტენსილები და საარჩევნო პლაკატები, რომლებიც აქ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გააკრეს, მერიამ ხელუხლებელი დატოვა.

„სირცხვილია“ რუსთაველის გამზირზე მოხალისეებთან ერთად 20 ივნისს 5 საათიდან შეიკრიბება, გზას გადაკეტავენ და დისტანციის დასაცავად მომიტინგეებისთვის ტერიტორიას მოამზადებენ. შესაბამისი წერილებით აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქალაქის მერიას უკვე მიმართეს.

სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანასა და მომიტინგეების დარბევას 1 წლის შემდეგ ისევ გააპროტესტებენ ამ დარბევის დროს დაზარალებულებიც და დაკავებულებიც. სულ დარბევის დროს 305 პირი დააკავეს მათი დიდი ნაწილისთვის გენერალურ პროკურატურას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. ერთ-ერთი ასეთია ირაკლი ფავლენიშვილიც, რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ნასროლი 9 ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ეთერის რეჟიმით მაუწყებლობდა.

გავრილოვის ღამის ერთ-ერთი ანტიგმირი ირაკლი კობახიძე, რომლის გადადგომის მოთხოვნითაც აქციები დაიწყო , დღეს ამბობს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით 20 ივნისს კონტრაქციაც არ გაიმართება.

16 ივნისის ღამის განმავლობაში გამოწერილ ჯარიმებს აქტივისტები და მათი ინტერესების დამცველები სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათ იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციები გაუწევენ.


close დახურვა