BBC-ის ცნობით, ჩეხეთის, პოლონეთის, ავსტრიისა და აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლოება უახლოეს დღეებში ძლიერ წვიმებსა და წყალდიდობას ელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინსტიტუტის პროგნოზებზე დაყრდნობით პრაღის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით მრავალი კაშხლიდან წყალი გაუშვა, რათა მდინარე ვლტავის გამტარუნარიანობა გაზარდოს.
ამასთან, დრეზდენის ხელისუფლება შეეცადა მდინარე ელბიდან ამოეღო კოროლის ხიდის ასმეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მოსალოდნელი წყალდიდობის წინ ამ კვირაში ჩამოინგრა და წყალში ჩავარდა.
სიტუაცია შეიძლება კრიტიკული გახდეს აღმოსავლეთ ჩეხეთშიც, სადაც მსგავსი ღონისძიებები განხორციელდა წყალსაცავებში სივრცის შესაქმნელად.
"სიტუაცია, რომელსაც ჩვენ ველოდებით მომდევნო ოთხ, შესაძლოა ხუთ დღეში, სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს ვითარებას, რომელიც 1997 და 2002 წლების დიდი წყალდიდობის დროს იყო", - აღნიშნა ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, პიტერ ჰლადიკმა.
უამინდობისთვის ასევე პოლონეთის ხელისუფლებაც ემზადება. პოლონეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (IMGW) თანახმად, ნალექების მოსალოდნელი გაგრძელების გამო, განგაშის უმაღლესი, მე-3 დონე მოქმედებს ქვემო სილეზიის, სილეზიისა და ოპოლეს სავოევოდოებში.
2002 წლის წყალდიდობამ ჩეხეთის რესპუბლიკაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ცენტრალური ევროპის სხვა ნაწილებში რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.