logo
ENG



ცერცვაძე: ახალი შემთხვევები იქნება საკმაოდ ბევრი, მაგრამ იქნება კონტროლირებადი

13 მარ 202020:00
3 წუთის საკითხავი
 
n5zb221irx7bpgg.png

ჯანდაცვის სამინისტროში იმ სამედიცინო დაწესებულებასთან, რომლებიც კორონავირუსის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევებზე მუშაობენ, შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შეხვედრაზე კლინიკებმა ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს, ასევე გაბუნიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო რესურსების მობილიზებაზე.

„ყველა კლინიკამ ერთმანეთს გაუზიარა ის გამოცდილება რაც აქამდე დაგროვდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შევთანხმდით იმაზე, როგორი იქნება ოპტიმალური გზა პაციენტის მოძრაობის, საეჭვო სიმპტომების გამოვლენიდან დიაგნოზის დადასტურებამდე და შემდეგ მის საბოლოო მართვამდე. ვისაუბრეთ ასევე იმ საუკეთესო პრაქტიკაზე, რაც მსოფლიოში დაგროვდა, ეს ყველაფერი უკვე ასახულია იმ პროტოკოლებში რაც შემუშავებულია. დღეს იყო მსჯელობა იმაზე რომ საჭიროა გარკვეული საკითხების დაზუსტება და ეს საკითხებიც აისახება პროტოკოლებში. ჯერჯერობით ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მიმდინარეობს მართვა ყველანაირი საშუალებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა შემთხვევაში გამოსავალი იქნება კეთილსაიმედო“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც, ცერცვაძის თქმით ამ ეტაპზე ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები სრულიად საკმარისი და ადეკვატურია. მისივე განცხადებით, ის საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდება, თუმცა ასევე აცხადებს, რომ პროცესი იქნება კონტროლირებადი.

„მე პირადად მიმაჩნია, რომ საპასუხო ზომები იყო სრულიად საკმარისი ადეკვატური და დროული, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოში არის 25 შემთხვევა, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპის ცივილიზებულ ქვეყნებში. სულ 5-6 შემთხვევაა დაფიქსირებული ე.წ. მეორეული გადაცემის, როდესაც გადაცემა მოხდა საქართველოს შიგნით, ყველა დანარჩენი დაინფიცირდა უცხოეთში და ჩამოვიდა აქ ინფიცირებული. ახალი შემთხვევები იქნება საკმაოდ ბევრი, მაგრამ იქნება კონტროლირებადი, რადგან შიდა გადაცემა ჯერჯერობით არის ერთეული და არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემები. მეოთხე პირი როცა გადასცემს სხვას იქ ეპიდემია უკვე უკონტროლო შეიძლება გახდეს“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსნებთ, ამ მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა ფიქსირდება.

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად ოფიციალურად გამოაცხადა.

 


close დახურვა