ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მკურნალობაზე გავრცელებულ ინფორმაციებზე გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" დეტალურად საუბრობს.
მისი თქმით, ჯერჯერობით სამკურნალო მედიკამენტი არ დადასტურებულა. შესაბამისად, ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნულზე საუბარი ნაადრევია.
"ოფიციალურად მედიკამენტი, რომელიც ვირუსული დაავადების სამკურნალოდ დადასტურებული იყოს, არ არსებობს. ჩინეთში ცდიან დაახლოებით 5-6 მედიკამენტს, რომლიდანაც ზოგიერთი შიდსის საწინააღმდეგოა. ამერიკაში კი მედიკამენტს, რომელიც თავის დროზე ებოლას საწინააღმდეგოდ გამოიგონეს, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა და ფიქრობენ, რომ შესაძლოა აქ გაამართლოს. ესე იგი, არც ერთის შემთხვევაში ეფექტი ჯერ დადასტურებული არ არის და არც ოფიციალურად არაა რეკომენდირებული",-აღნიშნა ცერცვაძემ.
ზუსტად ამ გარემოების გამო, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი დარწმუნებულია, რომ არსებული მოცემულობით, ფარმაცევტული კომპანიები ვერ იხეირებენ და მედიკამენტებიც არ გაძვირდება.
"ეჭვი იმისა, რომ შეიძლება ფარმაცევტულმა კომპანიებმა იხეირონ, არ არსებობს, რადგან არ არის მედიკამენტი, რომელზეც მოთხოვნა გაიზრდება. როგორც ეს მოხდა ღორის გრიპის დროს ტამიფლუს შემთხვევაზე. თუმცა წამყვანი სახელმწიფოები მუშაობენ ამაზეც და ვაქცინაზეც. ასევე ჯერჯერობით უცნობია დათბობასთან ერთად ქრება თუ არა ვირუსი. თუმცა ასე ხდება ზოგადად გრიპის დროს, მაგრამ ჩვენ ჯერ კორონავირუსის ბუნება არ ვიცით",-განმარტა ცერცვაძემ.