logo
ENG



ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყო

14 იან 202210:12
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატობის მსურველი ოთხი ადამიანია, წევრობის კი - შვიდი. 

თავჯჯდომარეობის კანდიდატები არიან: 

  • თამაზ ფოლადაშვილი
  • თენგიზ თევზაძე
  • გიორგი შაიშმელაშვილი
  • გიორგი კალანდარიშვილი 

წევრობის:

  • ქრისტინე ქაჯაია
  • ლევან ისაკაძე
  • ციალა შავაძე
  • რუსუდან მუმლაძე-ავალიანი
  • მამუკა ხოლეგაშვილი
  • მაია ზარიძე
  • გია ცაცაშვილი

მათი სია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გამოაქვეყნა. 

კანდიდატებს პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისია გაესაუბრება, რომელიც აკადემიური წრისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ არიან დაკომპლექტებული.

გასაუბრებებს არ დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები საია და ISFED. ისინი შერჩევის პროცესს არასანდოდ მიიჩნევენ.

"არ ვიღებთ მონაწილებას იმიტომ ,რომ უბრალოდ აზრი ვერ დავინახეთ ამ პროცესში მონაწილეობის მიღების იმიტომ, რომ პროცედურა, რომელიც ადგენს ცესკო-ს თავმჯდომარის წესს ადგენს, ორიენტირებულია მარტივი უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებაზე", - ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სვიმონიშვილი.

"უბრალოდ პროცესში მონაწილეობა, რომელშიც ვერ შევძლებდით მაღალი მხარდაჭერის მქონე ადამიანის დასახელებას თუ შემდეგ ეტაპზე გადაყვანას, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აღარ მიგვეღო მონაწილეობა, მთ უმეტეს იმ ფონზე, რა ცვლილებების განხორციელდება პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში იყო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს და წევრებს ჰქონდეთ მაღალი მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკურ პარტიებში, ასევე საზოგადოებაში მაღალი ნდობა", - ამბობს ნინო დოლიძე ISFED-ის დამფუძნებელი. 

ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს 2 წევრის თანამდებობაზე კონკურსი 2021 წლის 28 დეკემბერს გამოცხადდა.

*** 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც 2021 წლის 28 ივნისს დამტკიცდა, ნათქვამია, რომ "თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე".

სწორედ ამ კანონმდებლობის საფუძველზე დაინიშნა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ 2021 წლის 2 აგვისტოს, 6 თვის ვადით. 

2021 წლის 15 დეკემბერს კი, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესის ცვლილებას. 

საქმე პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც, ახლებურად განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესი.

საკანონმდებლო ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. 

მისი განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებებით: 

  • პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით ან სრული შემადგენლობით ირჩევს ცესკოს წესსა და ცესკოს თავმჯდომარეს. 
  • პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
  • არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
  • თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.
  • თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს.
  • თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

close დახურვა