ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები საარჩევო უბნების დახურვიდან 7-8 საათში გამოცხადდება.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, ამის მიზეზი თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკაა - საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს.
"მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასულ წლებში (2014წ., 2017წ.), მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 68 საინიციატივო ჯგუფი.
ამასთან, 2014 და 2017 წლებში ჩატარებული არჩევნებისას პირველადი მონაცემების გამოქვეყნების სტატისტიკა და როგორც გასულ წლებში საპილოტე რეჟიმში გამართული, ისე იმიტირებული არჩევნების შედეგად მიღებული გამოცდილებაც აჩვენებს, მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია". - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მისივე თქმით, 2014 წელს, როდესაც არჩევნებში 24 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა, პირველადი, წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 6 საათსა და 30 წუთში გამოცხადდა, 2017 წელს კი არჩევნებში 27 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა და მონაცემების გამოქვეყნება 7 საათსა და 20 წუთში გახდა შესაძლებელი.
"ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს, გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად, რაც დადასტურებულია წლების მანძილზე არსებული პრაქტიკით".- თქვა ცესკოს სპიკერმა.