logo
ENG



ცესკო: არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა

01 სექ 202415:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/01/o1e279kib9kphl8.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა.

ცესკოს ცნობით, კანონით განსაზღვრული ვადა 30 აგვისტოს ამოიწურა, სადაც 27 პარტიაა დარეგისტრირებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისთვის ცესკოსთვის მომართვის ვადა განსხვავებული იყო.

"პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა, ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა. მათგან ცესკოს რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში - ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა 17-მა და უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს" - წერია განცხადებაში.

რაც შეეხება იმ პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები, მათგან ცესკოს 10-მა პარტიამ მიმართა და გაიარა რეგისტრაცია.

პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენაა, რისთვისაც 26 სექტემბრამდეა ვადა. კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი პარტიულ სიას ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღის წარუდგენს. თითოეულ პარტიის უფლებაა თითო პარტიული სიის წარდგენა.

პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რიცხვი 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი არ უნდა იყოს. ერთი და იმავე მოქალაქის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში დაუშვებელია. პარტიული სიების წარდგენის შემდეგ კი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და რეგისტრაცია დაიწყება.


close დახურვა