logo
ENG



ცესკო: გადათვლების შედეგად გაბათილდა 3 გადასატანი ყუთი, 9 შემთხვევაში გასწორდა შედეგი

05 ნოე 202014:16
3 წუთის საკითხავი
 
ცესკო: გადათვლების შედეგად გაბათილდა 3 გადასატანი ყუთი, 9 შემთხვევაში გასწორდა შედეგი

ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში 4 ნოემბერს განხილული საჩივრები შეაჯამა. მათი განცხადებით, გადათვლები იყო 15 საოლქო კომისიაში, ხოლო მათგან 11-მა შესწორებები შეიტანა 20 შედეგში. ცესკოს ცნობით, გაბათილდა 3  გადასატანი ყუთის მონაცემები, 9 შემთხვევაში გასწორდა შედეგები, ხოლო 8 შემთხვევაში მონაცემები დარჩა უცვლელი. 

"მთაწმინდის ოლქის 01.01.18 უბანზე მიღებული ბიულეტენების და ხელმოწერების რაოდენობა იყო შეცდომით. ის განკარგულებით გაასწორეს. ასევე, განკარგულებით შეასწორეს ბათილი ბიულეტენების რაოდენობაც. 

ისანში ერთი სპეცუბნის გადასატანი ყუთის შედეგები გადათვალეს. მაჟორიტარულ ნაწილში გაბათილდა შედეგები, ხოლო პროპორციულში გასწორდა. 

დიდუბეში 25-ე უბნის შედეგები გადათვალეს და შემაჯამებელ ოქმში მონაცემები დარჩა უცვლელი", - აცხადებენ ცესკოში.  

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების/განცხადებების განხილვის პროცესი 3 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. განხილვები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, კომისიებთან ოპოზიციის მხარდამჭერების აქცია იმართებოდა. 

4 ნოემბრის ღამეს ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, ენმ-ის საჩხერის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი კაპანაძე. კაპანაძე და კიდევ ერთ პირი უკვე თავისუფალია. 7 ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები კომისიის სხდომაზე უფლებამოსილი პირების დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. კომისიის სხდომებიდან დამკვირვებლების ნაწილი გამოაძევეს, ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

პარალელურად განცხადება გაავრცელა სამართლიანმა არჩევნებმა და მიუთითა, რომ სხდომებზე მათი და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს საჩივრები განუხილველად დატოვა. რაც განიხილა, არ დააკმაყოფილა. 

აქციები გაიმართა სხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.


close დახურვა