ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი პირები გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე შეძლებენ. ინფორმაცია ფორმულას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს.
ცესკოს ცნობით, იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა დღეს, 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე და ხვალ, 27 ოქტომბრის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეეძლებათ.
"სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთს მიიტანენ. ასევე, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით.
შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება.
აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 1500-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება", - აცხადებენ ცესკოში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რეგისტრაციის ვადა 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე იყო. ვადების გამო ცესკოს ოპოზიცია აკრიტიკებდა. ევროპული საქართველოს ლიდერი და მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თვითიზოლაციაში მყოფთა დიდ ნაწილს არ არეგისტრირებენ. ნაბ მოქალაქეებს მოუწოდა პარტიას მიმართონ მსგავსი პრობლემბის არსებობის შემთხვევაში.