ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა დაახლოებით 40 ქვეყანაში იგეგმება.
მათი თქმით, უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც.
"ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ ამომრჩევლებისთვის კვლავაც უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები", - აცხადებენ ცესკოში.
მათი ცნობით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ 39 ქვეყანაში 55 უბანი გაიხსნა და საზღვარგარეთ ორგანიზებულ არჩევნებში, პირველ ტურში - 4 801-მა, ხოლო მეორე ტურში - 9 028 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. 2018 წელს საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობამ პირველი ტურისთვის შეადგინა 57 637, ხოლო მეორე ტურისთვის - 63 739 ამომრჩეველი.
მათი თქმით, მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები შეიქმნება საზღვარგარეთ, ინფორმაცია საარჩევნო უბნების შესახებ დაუყოვნებლივ განთავსდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ცესკოში განმარტავენ, რომ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადასახადს. მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ.
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.