ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ ახალ კანონპროექტთან მათ შეხება არ აქვთ და "უსაფუძვლო ბრალდებები" ცესკოს მიმართ უნდობლობის შექმნას ემსახურება.
"საგულისხმოა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს ამ პროცესთან, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავის უფლებამოსილების ფარგლებში, დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო საკანონმდებლო ინიციატივების პოლიტიკური ასპექტების განხილვა და საკანონმდებლო ორგანოში ჩარევა არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას.
ამის მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები აქცენტს საარჩევნო ადმინისტრაციაზე აკეთებენ და უსაფუძვლო ბრალდებების დახმარებით ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან მის მიმართ უნდობლობა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს დისკრედიტაციული კამპანია მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის აშკარა წარმატების დასაჩრდილად. სულ ცოტა ხსნის წინ საზოგადოებამ ნახა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, ჩაატარა შუალედური, რიგგარეშე არჩევნები", - განაცხადა მან.
ქართული ოცნების ახალი ინიციატივით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს - მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტის ინიციატორები არიან მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.
ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც - კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.