სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატმა, ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა. მან 962 ხმა მოიპოვა.
არჩევნებში ყურაშვილს ერთი კონკურენტი - მამუკა ტუსკაძე ჰყავდა, რომელიც პარტია სოციალური სამართლიანობისთვის წარმოადგენს. ტუსკაძემ არჩევნებში მხოლოდ 33 ხმა მიიღო. როგორც მან განმარტა, მისი მიზანი არა გამარჯვება, არამედ ცნობადობის გაზრდა იყო. ამ შუალედურ არჩევნებზე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს კანდიდატი არ დაუსახელებიათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უმრავლესობა საკრებულოში ოპოზიციას ჰქონდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ამის გამო მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხდომებზე არ დადიოდნენ.
ცესკომ არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც 31 მაისს, სენაკის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ვახტანგ წურწუმიამ საკრებულო დატოვა. ამჟამად, სენაკის საკრებულოში 32 წევრია, 16 მმართველი პარტიიდან, 12 ნაციონალური მოძრაობიდან, 4 კი პარტიიდან საქართველოსთვის.
არჩევნებში ყურაშვილის გამარჯვებით ქართულ ოცნებას სენაკის საკრებულოში 17 დეპუტატი ეყოლება, ოპოზიციას კი 16, რაც ნიშნავს, რომ უმრავლესობა საკრებულოში მმართველ პარტიას ექნება.
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ არა შუალედურ, არამედ რიგგარეშე არჩევნებს. მათ ამ მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
საია-ს იურისტი, ნონა ქურდოვანიძე ამბობდა, რომ როცა საკრებულო არჩევიდან 6 თვის განმავლობაში ვერ იკრიბება და შესაბამისად, ვერ ფუნქციონირებს, არჩევნები მთელ ოლქში უნდა ჩატარდეს, ხოლო მხოლოდ ერთი წევრის ასარჩევად არჩევნების ჩატარება არსებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.