logo
ENG



ცვლილებები ჯანდაცვის სისტემაში-ოპოზიციაში კორუფციის საფრთხეებს ხედავენ

24 ივნ 202013:41
3 წუთის საკითხავი
 

ცვლილებები ჯანდაცვის სისტემაში - კლინიკების შემოწმების ნაწილში ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციები იზრდება. თუ აქამდე კლინიკებში მომხდარ დარღვევებსა და საჩივრებზე სასამართლოს ნებართვა იყო საჭირო, ახალი წესით ჯანდაცვის სამინისტრო სასამართლოს გარეშე, თავად შევა საავადმყოფოებში. იზრდება ჯარიმების ნაწილიც.

კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტში დაჩქარებული წესით არის წარმოდგენილი. როგორც უმრავლესობის, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ არ შეიძლება საკითხის სწრაფად განხილვა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს არც საავადმყოფოსების წარმომადგენლებთან და არც ფარმაცევტულ საწარმოებთან, შესაბამისი კონსულტაცია არ ჰქონია.  

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ამბობენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით პოლიციური რეჟიმი მყარდება და როგორც მოსამართლე, ისე პროკურორი, ჯანდაცვის სამინისტრო ხდება.

„წარმოდგენილი ცვლილებები არის ლოგიკური გაგრძელება ცნობილი 520-ე დადგენილების, რომელმაც როგორც ჩანს არასაკმარისი ზიანი მიაყენა ჯანდაცვის სამინისტროს აზრით კლინიკებს. არადა, 520-ე დადგენილება არის უბრალოდ ფინანსური ზიანი ჩვენი სამედიცინო სექტორისთვის. ეს ცვლილებები ამ ზიანს კიდევ უფრო გააღრმავებს. ამ ცვლილებებით ჯანდაცვის სამინისტრო თვითონვე ხდება პროკურორიც და მოსამართლეც“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

წარმოდგენილი პაკეტი მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“. პარტიის წევრმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის.

„უკვე ავტორიტარულად, ჯანდაცვის სამინისტროს ენიჭება დამატებითი ფუნქციები, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული სუბიექტურად, კორუფციულად, კომპონენტზე შესაზღუდად, შერჩევითად მიდგომისათვის. ერთ კლინიკას გაუწევენ შეღავათს და მეორეს არა და ასე შემდეგ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.


close დახურვა