ახალ ზელანდიაში დამანგრეველ ციკლონ "გაბრიელს" 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ციკლონმა ჩრდილოეთ კუნძულზე ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
სამაშველო ვერტმფრენებმა სახლების სახურავებზე გაჭედილი 300-მდე ადამიანი გადაარჩინეს. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ნაწილში წვიმა შეწყდა, წყალდიდობისა და ელექტროენერგიის არქონის გამო ბევრი ქალაქი და რაიონი მოწყვეტილია.
პრემიერმინისტრმა კრის ჰიპკინსმა "გაბრიელს" ამინდის ყველაზე დიდი მოვლენა უწოდა, რომელიც ქვეყანას ბოლო ასწლეულის განმავლობაში დაატყდა თავს. სხვადასხვა შეფასებით, ციკლონი ხუთმილიონიანი მოსახლეობიდან სულ მცირე მესამედს შეეხო.
ციკლონის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ჩრდილოეთ კუნძულის შორეული ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთ სანაპიროს თემები.
საგანგებო სიტუაციების მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით აშფოთებთ ვითარება ჰოკს-ბეიში, რომელიც პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ორშაბათს, როდესაც ციკლონი დაიწყო, მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ საძინებლის ფანჯრებიდან გამოეცურათ, რადგან წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა. ზოგიერთ შემთხვევაში წყალი სახლების მეორე სართულებს აღწევდა.
აღნიშნულ რაიონში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების განცხადებით, ერთი ქალი საკუთარ სახლში მეწყრის შედეგად დაირუპა, კიდევ ერთი ადამიანი ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვი ადიდებულმა წყალმა წაიღო. სამშაბათს დაკარგული მეხანძრის ცხედარი იპოვეს, რომელიც ოკლენდში მეწყრის დროს გაუჩინარდა.