პოლიციელი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ტელეფონში აღმოჩენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია შეცდომით ერთ-ერთ ადვოკატს გადასცა, ეკა თხელიძეა.
საქმეში არსებული მასალების გაცვლის ოქმს ხელს სწორედ თხელიძე აწერს.
შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანომ მას საქმის მონაწილე ერთ-ერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცა, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიება შეისწავლის შსს-ს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.