„გავხსენით გულმკერდის ღრუ, სისხლდენა გაჩერებულია და პაციენტის მდგომარეობა მძიმეა,“ - ამის შესახებ განცხადებას ცოტნე გამსახურდიას ქირურგი გიორგი გვახარია აკეთებს. მისი განცხადებით, ამჟამად პაციენტი კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში იმყოფება, სადაც თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება.
„პაციენტი მოყვანილია ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნება პოლიტრავმა ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები. მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და ე.წ. ჰემნოპნევმოთორაქსი ანუ პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით. გარდა ამისა, აღინიშნება, ზურგის მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ბეჭის ნორჩის აკრომიონის დაზიანებით და თავის თხემის მიდამოში 4 ჭრილობა. ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები.
მე და ჩემმა კოლეგებმა ჩავატარეთ თორაკოტომია, ანუ გავხსენით გულმკერდის ღრუ, ჩავატარეთ შესაბამისი ოპერაცია, სისხლდენა გაჩერებულია. ახლა პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში, რადიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდება თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია. ინახება დაზიანების ხარისხი და ნეიროქირურგი გადაწყვეტს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას, კერძოდ, საჭირო იქნება დამატებითად ნეიროქირურგიული ოპერაციის გაკეთება თუ არა. მისი მდგომარეობა მძიმეა,“ - განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. როგორც „ფორმულას“ თვითმხილველებმა განუცხადეს, გამსახურდიას ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობა და სასწრაფოს მოსვლის დროს ის უგონოდ იმყოფებოდა.